არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევას ეხმაურებიან, სადაც ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუარესებაზე და რუსულ გავლენებზეა საუბარი.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბჭოს წევრებმა კვლევაში მითითებული შენიშვნები სრულად არ განიხილეს დღევანდელ სხდომაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, ოლიკო შერმადინი სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს.
„კვლევაში წერია პირდაპირ, რომ სამოქალაქო საქმეებზე მოსამართლეების პროფესიონალიზმი, ისევე, როგორც პროცესების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ასევე, იქ არის მითითება კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე სასამართლოში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უარყოფითი ტენდენციებიც იყოს განხილული, რაც, სამწუხაროდ, სათანადოდ არ იქნა დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ასახული,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, მარიამ მხატვარი აღნიშნავს, რომ ანგარიშში ნათლად არის მითითებული არაერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საქმეებში პროფესიონალიზმსა და გადაწყვეტილების გამჭვირვალობას ეხება.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა საერთო მაჩვენებელში არის მე-18 ადგილზე ევროპის ქვეყნებს შორის. თუმცა, სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი წინა წელთან შედარებით წელს ბევრად უფრო ნაკლებია.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემაზე რუსული გავლენა აშკარაა.
ავტორიტეტული ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეების პროფესიონალიზმსაც და სისტემაში არსებულ საბჭოთა ყაიდის კორუფციაზე მიუთითებს.