ოპოზიციისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
დელეგაციის წევრების თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო სისტემის ჩამოშლასა და არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებმა ევროკომისიასთან საქართველოს საკითხი წამოწიონ.
ევროპარლამენტის წევრი ავროპის სახალხო პარტიიდან, გუნარ ჰოკმარკი პოლიტიკაში თანაბარი პირობების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას ევროკავშირთან დაახლოებისთვის, მაგრამ გვინდა ხაზი გავუსვათ პოლიტიკაში თანაბარი პირობების აუცილებლობასაც. ვერ მივიღებთ რაიმე სახის შერჩევითი სამართლის არსებობას, გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტი სათანადოდ მუშაობდეს და მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს მასთან. ჩვენ ყველას ვხვდებით, მაგრამ ამასთან მხარს ვუჭერთ ჩვენს პოლიტიკურ მეგობრებს,“ - აცხადებს გუნარ ჰოკმარკი.