საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემოსავლების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, მოსთხოვა. აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, ხომ არ ათეთრებს პრემიერი ფულს.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ პრემიერი "შავ ფულს" მამის საჩუქარს უწოდებს. უცნობია, რა მიზეზით მიიღო მამისგან საჩუქრად 50 ათასი დოლარი პრემიერ-მინისტრმა. 2017 წელს პრემიერს 51 ათასი ამერიკული დოლარი წლიური შემოსავალი ჰქონდა ამას დამატებული 49 ათასი ლარი, რომელიც მან ბანკი ქართუდან სესხის დასაფარად გამოიტანა. ოპოზიცია მოითხოვს პრემიერმა უპასუხოს კითხვას, საიდან იშოვა მისმა მამამ ჯემალ კვირიკაშვილმა შვილის დასახმარებლად 51 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც ის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, არსად მუშაობს და არც რაიმე ბიზნესს ფლობს.
გარდა პრემიერისა, სოლიდური საჩუქარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც მიიღო. მინისტრი ამბობს, რომ მის მშობლებს ფულის ჩუქების საშუალება არ აქვთ, ამიტომ ბიძამ მიწა სვანეთში ოჯახის შექმნის შემდეგ აჩუქა.
ოპოზიცია მაღალჩინოსნების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობების შესახებ დასკვნას აუდიტის სამსახურისგან ელის, თუმცა როდის დაიწყებს უწყება ოპოზიციის განცხადების საფუძველზე საკითხის შესწავლას უცნობია.