20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 აქტივისტი დააკავეს 

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. შეკრებილები პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ. რის შემდეგაც პოლიციამ სამი აქტივისტი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

„ერთ-ერთ აქტივისტს სერიოზული ტრავმები აქვს მიყენებული, ის ამ დროისთვის დაკავებულია. სულ ნაცემია 3 აქტივისტი, დაკავებულების შესახებ კი ზუსტი ცნობები არ მაქვს. ინფორმაციას სავარაუდოდ პოლიციისგან ვერ მივიღებთ, რადგან სახეზეა იანუკოვიჩის რეჟიმის გაგრძელება. ის რაც დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა მთელის მსოფლიოს წინაში სამარცხვინოა. ხალხს უკვე რადიკალური განწყობა აქვს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,“-განაცხადა ევგენი ლუკიანცევმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რადას დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. მათ სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართეს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრეს. იური დერევიანკოს თქმით, პეტრო პოროშენკო იანუკოვიჩის გზას დაადგა. მისივე განცხადებით, 18 თებერვალს დაიწყება საპროტესტო აქციები, რომელიც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

„იანუკოვიჩმა თავის დროზე ზუსტად ასე გააძევა სააკაშვილი და აუკრძალა მას უკრაინაში ყოფნა. პოროშენკო მის გზას დაადგა. მან, როგორც პოლიტიკოსმა, დღეს ძალიან დიდი შეცდომა ჩაიდინა. ამ ქმედებით მან დღეს აბუჩად აიგდო კონსტიტუცია და უკრაინის კანონმდებლობა. სააკაშვილიო აუცილებლად დაბრუნდება ქვეყანაში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც უკრაინელი ხალხი დაამარცხებს ამ ბანდას, რომლსაც სათავეში პოროშენკო უდგას. პირველი ნაბიჯი ამ ბრძოლაში იქნება საპროტესტო აქცია მთელი უკრაინის მასშტაბით, რომელიც 18 თებერვალს გაიმართება. ქვეყნის ყველა ქალაქში ათობით ათასი ადამიანი გამოვა იმისთვის რომ უკრაინამ გამარჯვება შეძლოს,“-განაცხადა დერევიანკომ.

ოპოზიციის ლიდერი გუშინ კიევში, ახსნა-განმარტების გარეშე ქართულ რესტორანში ყოფნის დროს დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა სააკაშვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის გატაცებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს საიდანაც სექტემბერში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

დღის ამბები