20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა - ოპოზიცია ევროპელ დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება

რუსული ოკუპაცია და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა- ამ საკითხებს განიხილავს ოპოზიცია ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრისას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევრონესტის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა იმართება დღეს პარლამენტში. 

უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებით, პირველ შეხვედრაზე მათ იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება რუსული აგრესიის შეჩერება.

,,პირველ სესიაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ, რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ აგრესორი ქვეყნების წინააღმდეგ. ყველას გვესმის, რომ რეალურად არ არსებობს კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებობს რუსეთის პირდაპირი აგრესია. ევროპის კონტინენტზე არის აგრესორი ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მისი შეჩერების მექანიზმების შემუშავება. უნდა ვაიძულოთ რუსეთის დატოვოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ლუგანსკის ყირიმისა და დონეცკის რეგიონები“-განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა დმიტრო ლუბინეტიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპელი დეპუტატები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხით დაინტერესდნენ და მათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ რამდენიმე ძირითადი კითხვა ჰქონდათ.   

,,ევრონესტის წევრთა ინტერესის საგანი არის, რატომ არ აქტიურობს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის საკითხზე. დელეგაციის ხელმძღვანელმა კითხვაც დასვა ამის შესახებ და მან ასევე მხარი დაუჭირა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რასაც უარყოფს დიდი ხანია ,,ქართული ოცნება“- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ ერთ ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

შეხვედრებზე  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შედეგებიც უნდა განიხილონ. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე აცხადებს, მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

დღის ამბები