„ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი,“- ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, დეპორტაცია უკრაინის კანონიერი უფლება იყო.
„ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი. მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.