„ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა. ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია, საზოგადოებას აღარაფერი სმენია.
ნინო ლომჯარია ასევე, აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიყენოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მედიით გადაიცემა და საჭიროა, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ახალ გარემოებებს.
„მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება, ნამდვილად, არაეფექტურად მიმდინარეობს, ძალიან დიდი ხანია, ჩვენ არაფერი გვსმენია გამოძიების მიმდინარეობის და იქ არსებული რაიმე პროგრესის თაობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის და სათანადო ყურადღება მიექცეს ამ გარემოებებს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.