20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას - მიხეილ სააკაშვილი

„გუშინდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ, მოეგრიხათ. კისრის ტკივილი გამოვლის, მაგრამ მათ ვპირდები, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას,“ - ეს განცადება მიხიელ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უკრაინის ოპოზიცის ლიდერის თქმით, ის უკრაინელ პოლიტიკოსად რჩება.

„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. მე მინდა, ვკითხო ლუცენკოს, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც ჩემს გამოძევებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, რამდენიმე დღის წინ საჯარო ულტიმატუმი წამიყენა, თავად წახვალ ჰოლანდიაში, ან შენს ექსტრადირებას მოვახდენთ საქართველოშიო და როგორ წარვდგები ახლა სასამართლოს წინაშე, როგორ მოვხვდები უკრაინის სასამართლოში ახლა, თუ ჩემზე ძებნას გამოაცხადებთ? რა ბედი ელის ამ შეთითხნილ საქმეს? უკრაინიდან ჩემი ფიზიკურად გაძევებით პოროშენკო იმას ფიქრობს, რომ მოიშორა პოლიტიკური ოპონენტი, რომლისაც ყველაზე ძალიან ეშინია. ჩემი რომ ეშინია, ამის ფაქტები საკმარისზე მეტია. ეშინიათ იმიტომ, რომ ჩემი ყიდვა არ შეიძლება. მცდელობა, რომ მე მომიცილონ, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, განწირულია. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. რა თქმა უნდა, ქართველი ვარ, მე ვიბრძოლებ საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად,“ - აღნიშნა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში", უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები