პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში განიხილეს.
ანგარიში სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის სწავლის ხელმისაწვდომობას და ინკლუზიური სწავლებისთვის საჭირო გარემოს არსებობას ეხება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ბევრ სკოლაში დღემდე პრობლემაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და პანდუსების დამონტაჟება.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 7 რეკომენდაციას მოიცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, აღნიშნავს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ის რეკომენდაციები, რაც არის წარმოდგენილი ანგარიშში, ფაქტობრივად, ჩვენ მიერ უფრო ადრე იყო იდენტიფიცირებული და ინტენსიურად მიმდინარეობდა ამ მიმართებით ახალი პროგრამების და პროექტების შემუშავება. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ის საკითხები, რაც წარმოდგენილია ანგარიშში, დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადაწყვეტილია,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.