შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.
დისკუსია ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.
შეხვედრას დეპუტატებთან ერთად დაესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არღვევენ შრომით უსაფრთხოებას. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სწორედ დასჯა იქნებოდა საუკეთესო პრევენცია, თუმცა ეს ნება ხელისუფლებას არ აქვს.
"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "ქართულ ოცნებას“ არ უნდა, თუნდაც დღეს არსებული ნორმებით ვინმეს დასჯა. თუკი დაისჯებოდა შესაბამისი კომპანიები ყოველ ასეთ სავალალო შემთხვევაზე მაშინ ეს იქნებოდა, ყველაზე საუკეთესო პრევენცია“-აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აცხადებენ, რომ არსებული კანონითაც შესაძლებელია პრობლემის მოგვარება, თუმცა ასე არ ხდება. ამის მიზეზად გიორგი ბოტკოველი მშენებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული თანამდებობის პირების ინტერესებს ასახელებს.
"კანონი,რომელიც არსებობს ისიც იძლევა რეგულირების საშუალებას, თუკი ამ კანონის აღსრულება მოხდება თავისუფლად შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემა, რაც დღეს უკვე ყოველდღიურად ხდება, მაგრამ ამ კანონის მიღებაც ვფიქრობ გაჯანჯლებულია, სწორედ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რა ინტერესებიც აქვთ კონკრეტულ თანამდებობის პირებს კონკრეტულ მშენებლობებთან დაკავშირებით“-ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.
მთავრობის მიერ წარდგენილი ინიციატივა მისაღებია უმრავლესობისთვის.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ კანონპროექტში თითქმის ყველა არსებული პრობლემა გათვალისწინებულია.
,,ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება შრომით ურთიერთობებში, როცა ჩვენ ფუნდამენტურად ახალ კანონს ვქმნით, რომელიც დაარეგულირებს და არამარტო გარკვეულ რეგლამენტირებას მოახდენს შრომითი უსაფრთხოების, არამედ დაიწყებს დანერგვას შრომითი უსაფრთხოების , რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანი როცა მუშაობს უნდა იყოს დაცული“- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.