ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები და არასრულფასოვანი მონიტორინგი - სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას აკრიტიკებს.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი "გამჭვირვალობა საქართველოსთან" ერთად უწყებაში რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.
შენიშვნებს ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატებს აცნობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები ამბობენ, რომ სუსი იმ ფორმით, რომლითაც დღეს არის, არ პასუხობს გამოწვებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე დგას. მათი თქმით, აუცილებელია სისტემური რეფორმა.
„თავის დროზე, როდესაც გაიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუსი, ჩვენ საზოგადოებას გვითხრეს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ამ მიმართულებით რეფორმა გაგრძელდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რეფორმა არ გაგრძელებულა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს დავიწყებული. დღეს ჩვენ ველაპარაკებით ამ სფეროების ექსპერტებს და ამის შემდეგ მთავრობას ჩვენს კონკრეტულ რეკომენდაციებს წარვუდგენთ,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.