„პრეზიდენტის ვეტო, ვინაიდან ის პრეზიდენტის ვეტოა, მაინც არ იქნა გაზიარებული კომიტეტის მიერ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გააკეთა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.
„კომიტეტს კვლავ არ მოსწონს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონი. კომიტეტი არ ეწინააღმდეგება და კონტრარგუმენტები არ მოგვისმენია პრეზიდენტის ვეტოში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტის ვეტო, ვინაიდან ის პრეზიდენტის ვეტოა, მაინც არ იქნა გაზიარებული კომიტეტის მიერ. არ იქნებოდა სტარტაპები იქნებოდა სხვა საკითხი, მთავარია, რომ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება არ მომხდარიყო. ერთი მხრივ, ეს კანონპროექტი თუ კანონად იქცევა, დააზიანებს მედიაბაზარს და მედიაგარემოს საქართველოში, ასევე შეიძლება მან სერიოზული დარტყმა მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთოდ იდეას და არსს, ასევე კორუფციული გარიგებებისთვის ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის,“- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.