მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევას და 14 ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერმა მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის რიგით თანამშრომლებს დააკისრა. ისინი, ვინც მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე ჩაიბარა, კახა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
მერიაში არ საუბრობენ, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვისი თანამდებობაც უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებს შეეწირა, ნუგზარ ჭეიშვილია - სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი უფროსი და ამჟამად ამავე კომპანიის უფროსის მოადგილე.
თბილისის მერს დღეს არ დაუმალავს, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტი დავით ნარმანიას მთავრობამ ხარისხის დამადასტურებელი ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე ჩაიბარა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია არა რიგითი თანამშრომლების, არამედ დავით ნარმანიასა და მისი მთავრობის მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს.
მივა თუ არა გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსნებამდე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. თავად ისინი კი, ვინც წლების განმავლობაში ქალაქში სატრანსპორტო საკითხებს კურირებდნენ, მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნიან.