პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვაზე ხმაური იყო. ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ რომან კაკულია, რომელმაც კერძო მაუწყებლებისთვის სარეკლამო ბაზრის შემცირებას მხარი არ დაუჭირა, პრეზიდენტის ვეტოს მოწინააღმდეგე იქნება.
პარლამენტში რომან გოცირიძესა და რომან კაკულიას შორის დავა, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს.
სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მან თავდაპირველად, არ იცოდა, რომ ახალი ცვლილებები კომერციული ტელევიზიების შემოსავლებს მკვეთრად შეამცირებდა.
როგორ მომზადდა კანონპროექტი და დაუმალეს თუა არა კონკრეტული მოტივები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ამის შესახებ არაფერს ამბობენ დავით ჭიჭინაძის ბრალდების ადრესატი, ეკა ბესელია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის წევრებს ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს საბაბი სჭირდებოდათ, რომ მათი პოზიცია არ გაეზიარებინათ და ამჯერად შესყიდვების ნაწილში პრეზიდენტის ვეტოს იმიზეზებენ.
დღევანდელ განხილვაზე კერძო მაუწყებლებმა კონკრეტული ინფორმაცია წარადგინეს თუ რამდენად შემცირდა სარეკლამო ბაზარი ბოლო 3 წლის განმავლობაში. კომერციულ არხების წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ კი 50 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინასების მქონე საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ რეკლამას წაიღებს, ისინი უფრო მეტად დაზარალდებიან.