სოციალური პენსიის გარდა, მთავრობას დაგროვებითი პენსიის დანერგვა სურს.
ამის ფინანსური უზრუნველყოფა კი დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება. ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში უკვე დაწყებულია. დღეს დეპუტატები ცვლილებებს იურიდიული კომიტეტსი სხდომაზე განიხილავენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ინიციატივის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსახლეობას დაგროვებული თანხის შენარჩუნების არანაირი გარანტია არ აქვს.
"არ არსებობს გარანტია რომ ეს დაგროვილი ფული 20 ან 40 წლის შემდეგ ადამიანებს დარჩება, რომ მას არ შეჭამს ინფლაცია, დევალვაცია ან რომელიმე მმართველი კომპანია მას არ გამოიყენებს უყაირათოდ და არ დაიკარგება, დრეს ამის გარანტიები არ არსებობს,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი მთავრობის ახალ ინიციატივას ფინანსურ პირამიდას უწოდებენ.
"მთავრობას იძულებით შევყავართ ამ ფინანსურ პირამიდაში, რომელსაც საპენსიო ფონდი ჰქვია ისე, რომ ის არაფერს არ აძლევს არც მოქმედ პენსიონერებს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სამუშაოს ეძებენ,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
გარკვეული რისკების არსებობას არ გამორიცხავენ არც უმრავლესობაში, თუმცა აცხადებენ, რომ მათი თავიდან ასარიდებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
"მომავლის რისკისგან არავინ არასდროს არ არის დაცული, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი გარანტიები რომ იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალური დაცულობა,"-აცხადებს აკაკი ზოიძე.