20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
საბიუჯეტო ცვლილებები - მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაფინანსებას ანახევრებს

ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, მერია მეტროსადგურების დაფინანსებას ანახევრებს. სამაგიეროდ იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი. ცვლილებები ბიუჯეტში შედის.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობას საბიუჯეტო ცვლილებები სწორედ იმით დასჭირდათ, რომ მათ გასულ წელს 34 მილიონი ლარის ათვისება ვერ შეძლეს, თუმცა როგორც ნადირაძე ამბობს, არც საბიუჯეტო ცვლილებებით გვარდება პრობლემები.

"მცირდება საგზაო დაფინანსება, მცირდება ავარიული კორპუსების დაფინანსება, როდესაც ადამიანებს თავზე მეტრო ჩამოენგრათ იმის ნაცვლად რომ გაეზარდათ დაფინანსება მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების გაანახევრეს მეტროს სარეაბილატაციო დაფინანსება,- აცხადებს ნადირაძე.

საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრი ელენე ოზაშვილი კი აცხადებს, რომ ეს ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და მხოლოდ ჩინოვნიკების ინტერესებზეა მორგებული.

"იზრდება საშტატო ერთეულები, იზრდება ხელფასები, ასევე არის ააიპ-ები, რომლებიც გაუგებარია, რა ფუნქციას ასრულებს“-ამბობს ოზაშვილი.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ახალი ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებას, ცვლილებები განხორციელდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  მიმართულებით, გამწვანების მიმართულებით 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათივე თქმით, გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც.

 "ბიუჯეტში არსებული ცვლილებები პასუხობს გამოწვევებს და ადეკვატურია დედაქალაქის მოსახლეობისთვის საინტერესო პროგრამების“-აცხადებს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

მათივე განცხადებით, იმ 34 მილიონს, რაც მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ვერ დახარჯა, მიმდინარე წელს აითვისებენ. თანხის ძირითადი ნაწილი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება.

 

დღის ამბები