საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ახლად შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს კონსულტაციების ბოლო რაუნდი იმართება ვენეციის კომისიასთან. კომისიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე სპიკერთან გამართეს.
საქმე ეხება ე.წ. ბონუს სისტემის სამართლიანად გადანაწილებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების დაშვებას. ეს ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს 2 მოსმენით უკვე მიღებული აქვს დღევანდელი მოლაპარაკებებიც ვენეციის კომისიასთან სწორედ საბოლოო, მესამე მოსმენის წინ იმართება.
"ეს არის ხანმოკლე ვიზიტი იმისთვის, რომ უბრალოდ გავიგოთ შესწორებების პირობები. სპიკერმა აგვიხსნა ეს ყველაფერი და ჩვენ განვიხილავთ. ჩვენი მიზანია, რომ განცხადება გავაკეთოთ მხოლოდ შესწორებებთან დაკავშირებით და არა მთლიანად განხილვებზე, ვსწავლობთ მხოლოდ ბოლო ეტაპზე შესულ შესწორებებს. ჩვენს ანგარიშს განვიხილავთ ვენეციის კომისიის მომდევნო სხდომაზე, რომელიც 16-17 მარტს გაიმართება,"-აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი იოსებ მარია კასტელა ანდრიუ.
ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წევრები პოზიტიურად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მათი რეკომენდაციები ძირითად ტექსტში თითქმის სრულად არის გათვალისწინებული.
"გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას ბოლო ცვლილებებით მიღებული ვერსია, რომელიც ემსახურებოდა სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ძირითად ტექსტში...
"რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული ის, რომ რეკომენდაციები ფაქტობრივად სრულად, რაც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, არის გათვალისწინებული და აისახება უკვე საბოლოო ცვლილებებში,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.