20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ელის თუ არა ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირება - განმარტებები მთავრობის წევრებმა გააკეთეს

ქართულმა მხარემ თითქმის ათ დღეში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გადასცემს თუ არა დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქულ მხარეს. ჩაბუქი საქართველოს სახელმწიფოსგან თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვდა, რაზეც ლტოლვილთა სამინისტროსგან საბოლოოდ უარი მიიღო.

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი საკანში მოინახულა, მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, ჩაბუქი თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს.

საქმესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები მთავრობის წევრებმაც გააკეთეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადასცემს თუ არა საქართველო ჩაბუქს თურქეთს ეს ჯერ სასამართლოზეა დამოკიდებული და შემდეგ საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე.

"საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომ იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ასე არის კანონით, ამჟამად საქმეს იხილავს სასამართლო სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს. თუკი სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს ამის უფლება არ აქვს, კანონის თანახმად, ამგვარი საქმე იხურება და საკითხი აღარ განიხილება.

"თუკი სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს ამ პირის გადაცემის უფლება, შემდეგ უკვე საქმის მასალებზე, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებების სტანდარტზე დაყრდნობით, შევძლებ მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება,“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, სუბარი ამბობს, რომ სასამართლოს დასრულებამდე ამ მიმდინარე პროცესზე ვერ ისაუბრებს.

"მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე განხილული იქნა პირველ რიგში ჩვენს სამინისტროში ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და მიღებულ იქნა კანონის შესაბამის გადაწყვეტილება. დღეს მიმდინარე პროცესზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ საქმე სასამართლოშია და არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან კომენტარი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.  

დღის ამბები