ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ გახმაურებული საქმეები გამოიძიოს - ამ განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას. იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი ინსტიტუტის შექმნაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლიდან ამოქმედდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე საუბრობენ, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე და აფგან მუხთარლის საქმე.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მორიგი ბიუროკრატიული ინსტიტუტი იქნება.
„ეს დარჩება უშინაარსო, ბიუროკრატიულ ახალ წარმონაქმნად, რომელიც ალბათ, ასევე, გაზრდის საბიუჯეტო ხარკებსაც ჩვენი სახელმწიფოს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ეს მექანიზმი ხელისუფლებამ მოვალეობის მოხდის მიზნით შემოიღო.
„რატომ გვთავაზობენ ამ მოდელს, ჩემთვის არის გაუგებარი, ასევე, არტომ არის დავიწროებული გამოსაძიებელ დანაშაულთა წრე შემოთავაზებულ ვარიანტში, ესეც ჩემთვის გაუგებარია, რეალურად ნება, რომ პოლიტიკური, რომ რამის გამოძიება სურდეთ, ამას არ შვებიან,“ - განაცხადა კახიძემ.