"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პროკურატურისგან იმ მაღალი თანამდებობის პირთა სიას ითხოვს, რომელთა მიმართაც გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციაში გამოვლენილ დარღვევებს და თანამდებობის პირთა მიერ შესაძლო ინფორმაციის დამალვას. საია-მ საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მათ კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლოში შეიტანეს განაცხადი.
,,ის ფაქტი, რომ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია არის დახურული, რა თქმა უნდა, არის პრობლემატური კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებითაც ვფიქრობთ, რომ ინფორმაციები უნდა იყოს ღია. რაც შეეხება დეკლარაციებსა და ანგარიშვალდებულებას, სწორედ ამიტომ ავსებენ თანამდებობის პირები დეკლარაციებს, რომ მათი საქმიანობა და ქონებრივი მდგომარეობა იყოს საჯარო“ - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.