დაგროვებითი პენსიის პროექტი და განხილვების მეორე დღე პარლამეტში - ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
ოპოზიცია რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, დაგროვებითი პენსიის პროექტის განხორცილებას შეაფერხებს.
„პირველი არის ის, რომ დაგროვებული თანხის შენარჩუნების არავითარი შანსი არ არსებობს ამ 20 თუ 40 წლის განმავლობაში, ვინაიდან არ არსებობს მისი ეფექტიანად განთავსების მექანიზმი დღევანდელ საქართველოში... ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, შეგიძლიათ, რომ მაცივარში იყოს რაღაც ყინული და გარანტია უნდა მოგვცეთ, რომ 40 წლის განმავლობაში ან მატორი არ გადაიწვება ან ფრეონი არ აორთქლდება,“ - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს აღნიშნული პროექტი აიძულებს, რომ უარი თქვან 40 წლამდე ადამიანის დასაქმებაზე. ჭიაბერაშვილის თქმით, ამით უფრო მეტად გაიზრდება ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი.
პარლამენტში მიმდინარე დახურულ შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კანონპროექტში ასევე, რისკებს ხედავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტით ახალი გადასახადის დაწესება ხდება.
„კონსტიტუციიდან რეფერენდუმზე გატანა არის აუცილებელი ახალი გადასახადის დაწესებისთვის, ამიტომ, ამ მხრივ, აუცილებლად პრობლემები იქნება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.