დაგროვებითი პენსიის პროექტზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას უკვე მეორე დღეა, განიხილავენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე აღნიშნავს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით ყველა მოსალოდნელი რისკი გათვალისწინებულია.
„გარდა იმ სოციალური გამოწვევებისა, რომელსაც შეიძლება უპასუხებს ეს რეფორმა, მას ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენები ქვეყანაში, კერძოდ, ის დადებითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ოპოზიციის და მესამე სექტორის საპასუხოდ განმარტავს, რომ საპენსიო შენატანი დამატებითი გადასახადი არ არის.
„საპენსიო შენატანი ვალდებულების მიუხედავად, არ არის გადასახადი, რადგან ის კონკრეტულად ისევ ხმარდება იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც ის გადაიხადა, უფრო სწორად აკუმულირდება ვირტუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომელიც ისევე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უბრუნდება პატრონს,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.
ოპოზიცია რეფორმას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ დაგროვებითი პენსიის პროექტით ახალი გადასახადის დაწესება ხდება.