„მე არ ვიცი კონკრეტული კომპანიები და კონკრეტული პიროვნებების დონეზე არ ჩავსულვარ,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შეფასებისას გააკეთა, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება.
აუდიტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას თბილისის მერიამ, უკონკურენტო გარემო შეუქმნა.
კალაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი პრობლემების ნაწილს მერიაშიც იზიარებენ.
თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დასკვნაში მოყვანილ ზოგიერთ ფაქტზე გამოძიება დაიწყება.
„აქ საუბარი არის კომპლექსურ პრობლემაზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის წარმოდგენილი, რის ნაწილსაც ჩვენ ვეთანხმებით, რაზეც არის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება სამომავლოდ გათვალისწინებული და ჩვენი მიდგომებიც არის ასეთი, რაც რეკომენდაციაში არის წარმოდგენილი. სხვა მიმართულებას, რაც შეეხება, ალბათ, გამოძიებაში გადააგზავნის აუდიტის სამსახური და ეს გამოძიების საქმეა,“ - განაცხადა კალაძემ.