20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
,,გეხვეწებით, თქვენ განაჩენს ნუ გამოგვიტანთ“ - კამათი გოგელიასა და კუპრაშვილს შორის

მაუწყებლის შესახებ კანონის შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება.

მას შემდეგ, რაც შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილმა დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარესთან დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობა მართავს. კამათი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და  რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს შორისაც მოხდა.

კუპრაშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური რიგი მიზეზების გამო რეკომენდაციას არ უწევს ამ კანონის მიღებას.

,,აუდიტის სამსახური პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ კანონი არ იყოს შესული ძალაში, იმიტომ რომ სანამ საზოგადოებრივი  მაუწყებელი არ გაჯანსაღდება თავიანთი მენეჯმენტური საქმიანობით და  გაჯანსაღდება სამეურვეო საბჭოს მიერ კონტროლით, მანამდე საფრთხის შემცველია, მათ შორის ევროდირექტივების იმპლემენტაციაც, რადგან სამწუხაროდ, ,,ჯერ ჯერობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ამისთვის მზად არ არის,“- განაცხადა კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის ამ განცხადებას არ დაეთანხმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია. მისი თქმით, სამეურვეო საბჭო აუდიტის დასკვნაში გაწერილ ბევრ პუნქტს არასწორად მიიჩნევს.  

,,კონტროლის პალატის დოკუმენტში ბევრი თემაა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, თუნდაც შესყიდვების თემასთან დაკავშირებით, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მენეჯმენტმა ისე მოუმატა ხელფასები რომ ბორდმა არ იცოდა, ამიტომ გეხვეწებით, თქვენ განაჩენს ნუ გამოგვიტანთ“- აცხადებს გოგელია.

ტელეკომპანია ”გურჯაანის” წარმომადგენლის თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში რეგიონებში ,,მედია მოკვდება“. 

შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან არა 50 მილიონი, არამედ 39 მილიონია გამოყოფილი. მისი განცხადებით, ის 50 მილიონი , რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან სინამდვილეში ორ მაუწყებელზე ნაწილდება.

დღის ამბები