20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
მერიაში ჩატარებულ ტენდერებზე აუდიტის სკანდალური დასკვნა - ოპოზიცია პროკურატურას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს

საკრებულოს ოპოზიცია აუდიტის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მერიაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მათ შორის საუბარია ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის უკონკურენტო პირობების შექმნაზე. ოპოზიცია პროკურატურას ფაქტების შესწავლისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

„ფაქტია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა ყველა ის ბრალდება, რაზეც ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ამ დასკვნიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამაზე გამოძიება დაიწყებოდა. თუ საქართველოს პროკურატურამ საქმე არ აღძრა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს, ნარმანიას, იმ ადამიანებს, ვინც თბილისელების თანხები, ქონება გაფლანგეს და დასჯის ნაცვლად, ისინი დააწინაურეს და გადაიყვანეს 20 ათასლარიან პენსიაზე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ოპოზიციაში დიდი მოლოდინი არა აქვთ, რომ პროკურატურა მერიაში არსებულ დარღვევებს გამოიძიებს, რადგან, მათი შეფასებით, ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ფარცხალაძის საქმე ისევე, როგორც მილიონი ხის ფიასკოს საქმე, არის პოლიტიკური საქმეები. ეს ორივე უკავშირდება არამხოლოდ ნარმანიას, არამედ მთლიანად ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ ფარცხალაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი ძალოვანი სახეა და ეჭვი მაქვს, რომ ამ მხრივ, სერიოზული გამოძიება არ იქნება. ისიც კი აპატიეს ფარცხალაძეს, რომ აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს ფიზიკურად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ, რაც ეს მოხდა და დღესაც ქართული ოცნება თვლის, რომ ნარმანიას პერიოდში მილიონი ხის დაპირება შესრულდა, არ მგონია, რომ რაიმე სერიოზულ ზომებს მიმართონ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველო - თბილისის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფუძველზე, პასუხი ამ შეკითხვას პროკურატურამ უნდა გასცეს, სადაც მაკონტროლებელი ორგანო მასალებს ორშაბათს გადააგზავნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები