ევროპული საქართველოს ეკონომიკურ პროგრამას დავით ბაქრაძე რეგიონების მოსახლეობას აცნობს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის მცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივები დავით ბაქრაძეს სოციალური პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
„რატომ მომიხსნეს დახმარება, მარტოხელა ქალი ვარ, შვილი მე არ მყავს, ქმარი 21 წელია, მომიკვდა, მარტო ვცხოვრობ. გინდა თუ არა ეზო 2000 მეტრი გაქვსო, ამ ეზოს რა ვუყო, წავიდე?“ - განაცხადა პენსიონერმა, ციალა ახალკაციშვილმა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ბიუჯეტში შესაძლებელია მილიარდ 418 მილიონი ლარის დაზოგვა, რომელიც პენსიების და სოციალური დახმარებების ზრდას უნდა მოხმარდეს.
„ძალიან მინდა, რომ ქართული ოცნების რომელიმე მინისტრი ან დეპუტატი ჩამოვიდეს, შეხვდეს სოფელში გაჭირვებულ ადამიანებს და მოისმინოს ის ისტორია, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები, როგორ გაჭირვებაში, როგორ ექცევა მათ სახელმწიფო აპარატი, როცა ყოველგვარი მიზეზია და ახსნა-განმარტების გარეშე სოციალურ დახმარებებს უხსნის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.