მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხვალ დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა მასობრივად მიიღონ.
საპროტესტო გამოსვლები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.
აქცია კიევში, ტრადიციულად, ადგილობრივი დროით 12 საათზე შევჩენკოს პარკში დაიწყება.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყნიდან ყველას გაძევებას ვერ შეძლებს და, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.
"ხვალ ხელისუფლების გადადგომისა და შეცვლის მოთხოვნით მარში გვექნება. თავად პოროშენკო და მთლიანად მისი გუნდი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაიქცა. პრეზიდენტი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ისე იქცევა. უკრაინის ყველა პრობლემის ფონზე, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყანა რეალურ რღვევამდე და მასშტაბურ ძალადობამდე მიიყვანოს, ჩვენ მშვიდობიანად უნდა ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას და დავამყაროთ წესრიგი.
"ჩვენ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა და პოზიტიური პროგრამა იმისთვის, რომ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. მე სწორედ იმის გამო გამომაძევეს, რომ ყველაზე მეტად თქვენი გამოსვლების ეშინიათ. ერთადერთი, რისიც ეშინიათ, მოქალაქეების მასობრივი მშვიდობიანი პროტესტია, საკუთარი მოქალაქეების რისხვა. ხალხი კი მილიონობით გამოვა. ველოდები იმ მომენტს, როდესაც შევძლებ, რომ შემოგიერთდეთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.