20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
თაბორის მთასთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპლექსი უნდა იყოს, მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

თაბორის მთასთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპლექსი უნდა იყოს, მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება, რაც საქართველოს მოსახლეობას ერთი მილიონი ლარი დაუჯდება.

მთავრობის გადაწყვეტილება ამისთვის უკვე არსებობს. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მოაწერა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახალი ქვესადგური ყოფილ პრემიერ ივანიშვილს სჭირდება და ბიუჯეტიდან მილიონი სწორედ მისი ბიზნესინტერესებისთვის დაიხარჯა.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, რომ მთავრობას ქვესადგური პოტენციური აბონენტებისთვის სჭირდება. ოპოზიციის აზრით კი, ელექტროენერგიის ერთადერთი პოტენციური მომხმარებელი მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილია.

თაბორის მთაზე, რომელიც ყოფილ პრემიერს, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულომ გადასცა, მშენებლობა უკვე დაწყებულია. იქ ბიძინა ივანიშვილი მასშტაბურ რეკრეაციულ-გასართობ და სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ 35-კილოვოლტიანი ძაბვის ქვესადგური ყოფილმა პრემიერმა ბიტკოინების საწარმოსთვისაც გამოიყენოს, რომელსაც თაბორზე ააშენებს.

ახალი ქვესადგურის მშენებლობა თაბორის მთასთან მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საკრებულოს ოპოზიცია კი მანამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს, დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი მოსახლეობის რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. 

დღის ამბები