კიევში გამართული საპროტესტო აქციაზე მისულ მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერები მიმართავდნენ. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები შევჩენკოს მოედანზე შეიკრიბნენ. უამრავი ადამიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებას აპროტესტებდა და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი იყო.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს სცენის დამონტაჟების უფლება მაიდნაზე არ მისცა და ამის მიზეზად გარკვეული ღონისძიებების გატარება დაასახელეს.
გარდა ამისა, დღეს კიევის მერიის გადაწყვეტილებით, იმ ადგილას, სადაც აქციის მონაწილეები უნდა შეკრებილიყვნენ, 7 მეტროსადგური გადაკეტეს.
წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს კიევში მრავალათასიანი მარში მაინც შედგა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიხაილოვსკის მოედანზე გაემართნენ და იქ, სააკაშვილის პარტიის ლიდერებმა შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილოვსკის მოედანზე დაახლოებით 60 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რაც უკრაინის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.
ავტორი: ზურაბ ხვისტანი.