იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთი სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. საბჭოში პრეზიდენტის დანიშნულ წევრს საბჭოს მოსამართლე წევრები დაუპირისპირდნენ. დოლიძეს მოსამართლეები სიცრუეში და მოსამართლე წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. დოლიძე კი მის წინააღმდეგ წარმოებულ შავ პიარზე საუბრობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი არამოსამართლე წევრებისთვის დისციპლინური რეგულაციების შემოღების აუცილებლობას ხედავს და გიორგი მიქაუტაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ ინიციტივით პარლამენტს თავად მიმართოს.
,,ჩვენ მოსამართლე წევრებს გვეხება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი, მაშინ როდესაც არამოსამართლე წევრებისთვის ასეთი რეგულაციები არ არსებობს- ეს არის ვფიქრობ ხარვეზი. ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა , რომ დისციპლინური შეზღუდვები არსებობდეს ასევე არამოსამართლე წევრებისთვისაც“- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
ანა დოლიძის განცხადებით, მის მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ მისი კრიტიკული აზრის შეზღუდვას.
,,ეს არის მორიგი რეაქცია. ხან შეურაცხყოფები, ხან ჯგუფური ჩაგვრა, ხან ამხანაგური სასამართლო, ხან ცილისწამება, ხან ორღობის ჭორაობა-ყველა მეთოდი არის გამოყენებული იმისთვის, რომ გააჩუმონ ადამიანი, რომელიც სვამს არასასურველ კითხვებს. როდესაც მე სისტემა დავახასიათე პოლიციური სისტემის ნარჩენებად ფაქტია, რომ იყო ყველაზე ზუსტი დიაგნოზი“-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.