20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საფრთხეები - პრეზიდენტი რუსული პროპაგანდის გავლენებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების საკითხს ეხმაურება. 

საუბარია საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას ევროპულ ქვეყნებში გახშირებული კრიმინალური ფაქტების გამო ემუქრებოდეს. 

გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილიც იყოს.

„ყველა ქვეყანაში არიან კრიმინალები, სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს. მაგრამ კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს რიგ შემთხვევებში, როდესაც ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ ასე მედია არის განსაკუთრებით მობილიზებული და ქართველების თემას განსაკუთრებით წამოწევს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დარღვევების თავიდან ასაცილებლად ქართული მხარე უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკითხს.

„პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როგორია რეგულაციები, მეორე, კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს და ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, რომლებიც ევროპას ეთანამშრომლებიან და სრულად ქართული სამართალდამცავი სისტემა პასუხობს მათ მოთხოვნებს. მესამე, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის, ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები