პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი აკვირდება ტელეკომპანია "იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
აბაშიშვილის თქმით, როდესაც რომელიმე მედია საშუალებასთან მიმართებაში გარკვეული კითხვები ჩნდება, პრეზიდენტი ყოველთვის აფიქსირებს პოზიციას.
აბაშიშვილი ამბობს, რომ განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდებიან ტელეკომპანია "იბერიას“ მფლობელსა და "პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს.
"რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული კითხვები, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. მათ შორის პრეზიდენტის დავალებით გვექნება შეხვედრა ქალბატონ ნატოსთანაც და შესაბამისად შემდგომ დავაფიქსირებთ ამ საკითხზე პოზიციას, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“- განაცხადა აბაშიშვილმა.
"იბერიაზე" განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, არხის ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადებას პრემიერი, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ, ისინი აღნიშნულ ბრალდებებში ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობას ხედავენ.