საკანონმდებლო ორგანოში სესია ურთიერთბრალდებებით დაიწყო. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურამდე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა უმრავლესობას წარუმატებელი პროექტები შეახსენეს.
,,თქვენი პიარი არის ის ჩამონგრეული სისწრაფითა და ნაუცბადევად გახსნილი მეტროსადგური, სადაც დიდ უბედურებას შემთხვევით გადავურჩით, თქვენი პიარი არის, ის უკვე დაბზარული ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელზეც თავად კალაძეს უწევს საუბარი. თქვენი პიარი არის, ის ტრაგიკომედიური მილიონი ხის პროექტი, სადაც აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მხოლოდ 2 წლის მანძილზე 130 ათასი ხე გახმა და დაიკარგა“- მიმართა აბესაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
პასუხად უმრავლესობის დეპუტატმა აბესაძეს წინა ხელისუფლების დროს აეროპორტისა და იუსტიციის სახლის გადახდილი სახურავი შეახსენა.
,,როცა სხვისკენ იშვერთ ხელს საკუთარი არაერთი გადახდილი ჭერი მინდა შეგახსენოთ. მაგალითად, გადახდილი აეროპორტი, გადახდილი იუსტიციის სახლი. მიზეზი მათი გაგებით ლოგიკური იყო, ნუ, აეროპორტში ქარს რა უნდოდა და ქარმა დაუბერა“- უპასუხა აბესაძეს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.