საკრებულოს დეპუტატებმა ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცეს. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი გვილავამ დაიკავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - რუსუდან მირზიკაშვილი დაამტკიცეს.
თავდაპირველად ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახა კალაძემ ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიიდან საკრებულოს დასამტკიცებელ კანდიდატთა ნუსხა გაეგზავნა აღმოჩნდა, რომ ჯოხაძე მირზიკაშვილით ჩაანაცვლეს.
სწორედ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით აქვს ოპოზიციას შეკითხვები.
„რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემ დიდი ზარზეიმით წარგვიდგინა ახალი ურბანული სამსახურის უფროსი ბატონი ჯოხაძე და გუშინ ღამის 12 საათზე მოგვივიდა მასალა და აღმოჩნდა, რომ წარდგენილია სრულიად სხვა ადამიანი, ქალბატონი რუსუდან მირზიკაშვილი. კითხვები გვაქვს, რატომ მოხდა ასე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავის დროზე, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვაპროტესტებდით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის გაყოფა იყო ხელოვნური და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ კახი კალაძეს საკუთარი უდიპლომო ცოლის ძმა დაენიშნა, დღეს ამ სამსახურს ისევ აერთიანებს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ოპოზიციის ინფორმაციით, ჯოხაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას აპროტესტებდა. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტი გამხდარიყო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი ჩანაცვლების მიზეზი.
„რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი იყო პირი, რომელიც თბილისის მერის მიერ დაანონსებული იყო, რომ იყო კვალიფიციური, კომპეტენტური, საქმისადმი ერთგული, სამი დღის შემდეგ სულ სხვა კანდიდატი წარმოგვიდგინა. გვაინტერესებს აღნიშნული ჩანაცვლება რისგან არის გამოწვეული,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრმა, დავით ჟღენტმა.
მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ვახტანგ ჯოხაძის მირზიკაშვილით ჩანაცვლების მიზეზი ჯოხაძის კერძო სექტორთან ურთიერთობა და კავშირი იყო.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.