საპარლამენტო ოპოზიცია "ემნისთი ინთერნეშენალის" ანგარიშს ეხმაურება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ნეგატიური ანგარიში აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
ანგარიშში, სადაც საუბარია მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ასევე საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ვერ ამუშავდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ საკითხებზე კითხვები არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არსებობს.
"ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ანგარიში საგანგაშოა და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ანგარიში არის საგანგაშო, ვხედავთ, რომ საქართველოს რეპუტაცია ნადგურდება ყოველდღიურად. საქართველო, რომელიც რეგიონში უნდა იყოს მართლაც დემოკრატიის სამაგალითო ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას სწორედ ამით აძლიერებს, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებით ჩვენი მეზობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებები დაცულია. საქართველო ემსგავსება კიდევ ერთხელ პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგ ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს.
"სამწუხაროდ მსგავსი ანგარიშები დიდ პრობლემას შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს ჩვენს ურთიერთობებს ნატო-სთან და შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რომ საჭიროა პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
"ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში, სადაც მუხთარლის საქმე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი არის კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კომისია, რომელსაც ევროპული საქართველო და საპარლამენტო უმცირესობა გასული წლის ივნისიდან ითხოვს. ვერ გაექცევა "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.