"ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე ორ მინისტრს იბარებენ. დეპუტატები მამუკა ბახტაძისა და მიხეილ ჯანელიძის მისვლას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ, რადგან მან დაგროვებითი პენსიის შესახებ არსებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
"დიდ საფრთხეს, რისკსა და ზიანს ვხედავთ დაგროვებით პენსიაში. ერთის მხრივ ეს სატყუარაა და მეორე მხრივ გაზრდის უმუშევრობას. გვაინტერესებს, რამდენად აქვს დათვლილი ეს რისკები საქართველოს მთავრობას,“- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
გიორგი კანდელაკმა კი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებთან დაკავშირებით, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით უწყების მუშაობასთან დაკავშირებითაც.