ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ინიციატივა სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების ნორმებს დაარღვევენ და თავიანთ თანამშრომლებს საფრთხეში ჩააგდებენ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ დღეს არსებული რეგულაციების არ მუშაობს. ბოკერია განმარტავს, რომ ახალი რეგულაციების დამატება შრომის ინსპექციის ბიუროკრატიულ იარაღად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„საუკეთესო შემაკავებელი არის თუ ყველამ იცის, რომ ასეთ რამეს მოყვება მძიმე დევნის თვალსაზრისით შედეგები სისხლის სამართლებრივის და ფინანსურად ამა თუ იმ კომპანიის, იმიტომ, რომ ეს თუ არ ხდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ბიუროკრატიული ახალი რეგულაციები შედის, ამან მოლოდ კორუფცია შეიძლება გაზარდოს,“ - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავარ ხარვეზად აღსრულების მექანიზმის სისუსტეს მიუთითებს.
„როგორ არის მთავრობა მომზადებული იმისთვის, რომ კანონი, რომ შევა ძალაში, როგორ ემზადება, რომ კანონი ფურცელზე არ დარჩეს, ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის, რომ ეს სადღეგრძელო არ იყოს, კანონი იყოს,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებას აკრიტიკებს.
„სათაური ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო,“ რომ ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს,“ - განაცხადა ხულორდავამ.
თამარ ხულორდავას მხრიდან „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძეც იზიარებს.
აკაკი ზოიძე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექცია ერთ დღეში ყველა პრობლემას არ გადაჭრის, თუმცა, პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელია.