დაგროვებითი პენსიის თემაზე სასაუბროდ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დიალოგისათვის ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს იბარებს. უმცირესობის წამომადგენლები არ ემხრობიან საპენსიო რეფორმას და მიიჩნევენ, რომ ის მოსახლეობისთვის რისკების შემცველია.
„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ძალიან დიდ საფრთხეს, რისკს და ზიანს ვხედავთ დაგროვებითი პენსიის რეფორმაში, იმიტომ, რომ ის არაფერს აძლევს დღეს მოქმედ პენსიონერებს და მათთვის სატყუარაა, მეორე მხრივ, ახალგაზრდებში უმუშევრობას გაზრდის,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესაც მიმართავენ და საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მისვლას სთავაზობენ.
გიორგი კანდელაკის თქმით, მიხეილ ჯანელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მივიდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მინისტრისთვის სასურველ დროს მისვლას სთავაზობს.