ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. კელიმ დღეს საკუთარი 33 წლიანი კარიერა შეაჯამა. შეხვედრაზე, რომელსაც ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ კელიმ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელის წინაშეც საქართველო დგას.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც იან კელიმ ხაზგასმით ისაუბრა, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო. ელჩი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან სამომავლოდ უზრუნველყოს არჩევნებში ამომრჩევლის ნების გამოხატვა.
,,ყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს, მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩევლის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით,""-განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც დამაფიქრებელია.
ამერიკის ელჩი ასეთ პრობლემად საქართველოს ხელისუფლების ხელში კონცეტრირებულ დიდ ძალაუფლებას მიიჩნევს. კელი ამბობს, რომ არჩევნებზე ნათელი იყო მმართველი ძალის დომინანტური მდგომარეობა, რაც დემოკრატიულ არეალს არათანაბარს ხდიდა. მისი თქმით, ხდებოდა ამომრჩევლის დაშინებაც.
,,არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს. მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დამკვირვებლების შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა. 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტის ფუნქციონირებას, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას,""-განაცხადა კელიმ.