ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედია და არ გამოიყენოს სასამართლო ოპონენტებზე ზეწოლის იარაღად. განცხადება იან კელიმ 33 წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გააკეთა.
პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან შეხვედრისას ელჩმა საქართველოში არსებულ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორებია.
,,უახლოეს წარსულში ამერიკულმა კომპანიებმა რამდენჯერმე გამოთქვეს წუხილი, რომ სასამართლოებში მათ სამართლიანად არ ეპყრობოდნენ. მიუკერძოებელი და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის აუცილებელია.
ასევე, აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული როგორ გამოავლენს თავშეკავებას,"-განაცხადა იან კელიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არ უნდა იქნეს დაშვებული ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა.
"საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება და ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას,""-აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში.