„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, საქართველოში კორუფციის დონე გაუარესებულია. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსში საქართველო ორი პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნას შორის 46-ე ადგილზეა.
კვლევაში არ არის დაკონკრეტებული თუ რის გამო ჩამოაკლეს ქვეყანას ერთი ქულა და რატომ დაკარგა რეიტინგში ორი პოზიცია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლობის თბილისის ოფისში ამის მიზეზად, პოსტებიდან წასული ყოფილი ჩინოვნიკები და მათი არაფორმალური მმართველობა დასახელდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კორუფციის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა, ელიტური კორუფციაა. მესამე სექტორი მთავრობას მოუწოდებს, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შექმნას, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ გარიგებებს გამოიძიებს.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას მმართველი პარტია კატეგორიულად არ ეთანხმება. საპარლამენტო უმრავლესობამ „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ელიტური კორუფციის კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" მიიჩნევენ, რომ მთავრობაზე პარლამენტის კონტროლი უნდა გაძლიერდეს. მესამე სექტორი ხელისუფლებას ურჩევს, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და სასამართლო სისტემაზე ზეწოლა შეწყვიტოს.