20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
10 წელი ბუქარესტის სამიტიდან - ტრამპის ადმინისტრაცია ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარს უჭერს

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა ვაშინგტონში ჰერითიჯის ფონდში. პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მხარს უჭერს, მაგრამ რეალური გეგმა უნდა მოამზადოს როგორ აპირებს ხელი შეუწყოს პარტნიორის ნატოში ინტეგრაციას.

დაახლოებით ერთ თვეში 10 წელი გადის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც საქართველომ მაპის ნაცვლად მიიღო დაპირება, რომ ალიანსის წევრი გახდება.

ჰერითჯის ფონდში ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მხარდამჭერია, თუმცა საჭიროა პასუხი გაეცეს სხვა შეკითხვებსაც.

,,დღეს რუსეთი განაგრძობს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. საქართველო ისევ გამორჩეულად ეხმარება ნატოს, იმის მიუხედავად, რომ მისი წევრი ვერ გახდა. ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ვიცე-პრეზიდენტი პენსი აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმა კი თანხმობა მისცეს დეკემბერში ანტი სატანკო შეიარაღების - ჯაველინების მიყიდვას. თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი. მათ შორის, რა გზებს წარმოადგენს ადმინისტრაცია საქართველოს მხარდასაჭერად და შეუწყობს თუ არა ის ხელს, გახდეს საქართველო ნატოს წევრი"" -აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი პიტერ ბრუკსი.

არის თუ არა მზად საქართველო ალიანსის წევრობისთვის - ამ საკითხზე აშშ-ში ანალიტიკოსების აზრი გაყოფილია. 

"საქართველო არ არის მზად შეუერთდეს ნატოს და ევროპელი მოკავშირეები უახლოეს მომავალში არ დაუჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას. ტრანსპარენსი ინთერნეიშენალის კორუფციის 2017 წლის ინდექსით საქართველო 46, რაც საუკეთესოა იმ 2002 წლის 85-ე ადგილთან შედარებით. ეს დიდი გაუმჯობესებაა. თუმცა ჯერჯერობით არის სისუსტე კანონის უზენაესობის დაცვაში და ქარიზმატული ან მდიდარი ლიდერების ჩვევა, რომელთა მართვის ხასიათი ზოგჯერ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალეა,"" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იულიამ კორტნიმ.

იულიამ კორტნის მოსაზრებას არ ეთანხმება ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთია.

,,მე არ ვეთანხმები ელჩ კორტნის, საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით. ნატომ უკვე მიიღო ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად მზად იყვნენ წევრობისთვის, ვიდრე საქართველოა დღეს. ამ ქვეყნებს არ დავასახელებ. რუსეთია საქართველოს გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. ალბათ ამ საკითხში ვთანხმდებით,"- ამბობს მამუკა წერეთელი.

დღის ამბები