20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ძალიან საყვარლად კი მოჰყევით, თურმე პურის საყიდლად მიდიოდა კაცი...რატომ უნდა ვენდო მის სიტყვებს" -პაპუაშვილის პასუხი ხოშტარიას მუხთარლის საქმეზე

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე იმუშავებს, პარლამენტის სესიაზე განიხილავენ. ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის კარგი საშუალება თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა ამ საქმეში. 

„შეუძლებელია ადამიანი გაქრეს ქალაქის შუაგულიდან , გადაკვეთოს საზღვარი უპასპორტოდ და აღმოჩნდეს მეორე ქვეყანაში ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მაგრამ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამაში ხელისუფლება ჩარეული არ არის, სწორედ საგამოძიებო კომისია არის იმის შანსი რომ დასრულდეს საუბარი იმაზე , რომ ხელისუფლება იყო ჩარეული. როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, როდესაც მანქანა არ არის იდენტიფიცირებული, როდესაც დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი ეს გამოძიება არ არის გამოძიება. ეს არის ჩავარდნა. 8 თვის მერე დადგა დრო , რომ ჩვენ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას ამ განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე რა მოლოდინი აქვს პარტიას, ასევე რა პროცედურული მექანიზმები ექნება კომისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს, რაც არ აქვს პროკურატურას ან საგამოძიებო ორგანოს.

ელენე ხოშტარიას ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი.

„ძალიან საყვარლად კი მოჰყევით ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით თურმე პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა?! ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ და დროის სატარებლად თავის შეყვარებულებთან ის ახალგაზრდა ბიჭები იქ რომ ჩახოცეთ ქუჩებში. და სადაც ხელი მიგიწვდათ. მაგრა თქვენ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგინდომებიათ მაშინ. ახლა ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნის და ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი მეუღლე, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩემ გამოძიებას , ჩემ კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ,“-განაცხდა ზაზა პაპუაშვილმა.

ზაზა პაპუაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ უპასუხა. გოცირიძე ამბობს,  რომ მმართველი გუნდი ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

„მათ არ უნდათ გამოძიებული იქნას ეს საქმე ვინაიდან იციან რომ რეალურად ამაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები