20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას.

საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიმართავს. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიმართავს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების  გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას. რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები