20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალში - ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების შესვლაზე დეფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სუს-ის მოთხოვნაზე, რომ ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეეშვათ, დეფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება,“- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს დეფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებას და სხვადასხვა ღია საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში. სუს-ის შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია არის გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ მარტს ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა სოფელ ერგნეთში. სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.

 

 

 

დღის ამბები