ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ახალგორის გამგებელმა მიუსამძიმრა.
ნუგზარ თინიკაშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას - ნაციონალურ მოძრაობას, დააკისრა.
„ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს იმ გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის წართმეული. ამ სისხლზე, რომელიც ახლა კიდევ დაიღვარა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება, რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა,“ - განაცხადა ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.
ახალგორის გამგებლის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ბოლო პირობის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადმოასვენონ.