პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრი ჩიხრაძე, ამერიკის ელჩის მიერ მისი 3-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას გაკეთებულ მწვავე განცხადებებს განსხვავებულ აქცენტებში ეხმაურება.
ჩიხრაძე ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არსებობს და მდგომარეობა უკიდურეს ნიშნულზე არ მისულა.
„ეს არის შემაშფოთებელი განცხადებები, სიგნალები დავარქვათ, თუ გნებავთ, საგანგაშო სიგნალები. ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ჩვენი რესურსებით, ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი განზრახვებით, პოლიტიკური ამოცანებით, რომ ჩვენ ყოველ ახალ ეტაპზე ახალ ნაბიჯებს უნდა ვდგავდეთ, როგორც კი ჩვენ აქ ჩავარდნა გვექნება, ეს ჩავარდნა განაპირობებს ან გაჩერებას, ან ხანგრძლივი გაჩერების შემდგომ შეიძლება, უკან სვლა მოხდეს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძე ვიზალიბერალიზაციის კუთხით არსებულ საკითხებზე საუბრობს.
„ასეთი ქცევებით, რომელი ქცევებიც ჩვენ დავაგროვეთ წლების განმავლობაში, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მივეცით არგუმენტები ოპტიმისტებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს უფრო მეტ და წონიან ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში და ხელში მივეცით ძალიან ბევრი კოზირი იმათ, ვინც შეიძლება, სკეპტიკურად იყოს საქართველოს მიმართ განწყობილი,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
ფიქრია ჩიხრაძე სასამართლოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემასაც შეეხო და აისახა მასზე.
„ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ იუსტიციის საბჭო ამ ხნის განმავლობაში არის საკმაოდ დახურული სტრუქტურა. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს იყოს უფრო მეტად გახსნილი,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.