„პატიმრობების მაჩვენებელი არის გაზრდილი, რომელსაც პროკურატურა მოძალადეების მიმართ იყენებს. ფაქტობრივად, მოძალადეს სახელმწიფო შეღავათს არ უწევს. იშვიათ შემთხვევებში ფორმდება მათთან საპროცესო შეთანხმება. სახელმწიფოს მიდგომები მკაცრია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს.
„გარკვეული გამოწვევების წინაშე ჯერ კიდევ ვდგავართ. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, აქ მხოლოდ შსს-ს როლზე არ შეიძლება ვისაუბროთ, საზოგადოების თითოეული წევრის დამოკიდებულება მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის შემდეგ, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა რისკების შეფასების სისტემა, რომელიც სამინისტროს სისტემაში უახლოეს დღეებში დაინერგება.
შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, მსხვერპლ ქალებს მიმართა.
„მინდა, მოვუწოდეო თითოეულ მსხვერპლს, როგორი გამბედაობა დეა გოშხეთელიანმაც გამოიჩინა. მომართა სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ განხორცილებული ძალადობის შესახებ, გაბედონ მათაც და აღნიშნულის შესახებ შეატყობინონ პოლიციას და პოლიციის რეაგირება იქნება ისეთივე დროული და ეფექტიანი, როგორც გოშხეთელიანის შემთხვევაში იყო,“ - აღნიშნა მეზვრიშვილმა.