სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს პარლამენტში უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლევან დავითაშვილთან პარლამენტარების კითხვები, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და ამ მიმართულებით სამინისტროს ძალისხმევას შეეხებოდა.
„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს, მმართველი გუნდი კი მოხალისეთა საყოველთაო მობილიზაციის იდეაზე მუშაობს.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აღნიშნული საკითხის პრემიერ-მინისტრის დონეზე დაყენებას ითხოვს.
„აუცილებელია, პრემიერ-მინისტრის დონეზე ამის აწევა იმიტომ, რომ არა მარტო კადასტრის, არამედ სახელმწიფო საზღვრებსაც არ ცნობს. მთავრობა უბრალოდ „გალაჩკით“ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას,“ - განაცხადა უგულავამ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ თბილი ზამთრის გამო სახელმწიფოს აზიურ ფაროსანასთან გაცილებით ადრე მოუწევს შებრძოლება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე საყოველთაო მობილიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ აზიური ფაროსანა ქვეყნის გამოწვევაა.
„აზიური ფაროსანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც ეს მავნებელი არსებობს და ვფიქრობ, რომ სპეკულაცია იმაზე, რომ ეს არის მწერი, რა ტიპის გამოწვევაა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა,“ - განაცხადა მინისტრმა.