ცხინვალის ციხეში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის გადმოცემის ზუსტი დრო ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესში, ყველა შესაბამისი უწყება ჩართული.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დროულად მოხდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა.
მისივე თქმით, ასევე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ორივე მოქალაქე, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა ციხიდან გაათავისუფლა, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებული ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან.
,,მქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურა, მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს, რათა დროულად იქნას გადმოცემული გარდაცვლილი და ასევე საქართველოს ორი მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს ასევე ძალიან დიდ იმედს, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეს ყველაფერი იქნება დასრულებული“-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ოჯახი მეოთხე დღეა უშედეგოდ ელის. ოჯახი ეჭვობს, რომ ტატუნაშვილი მოკლულია და ოკუპანტები კვალის დაფარვას ცდილობენ.
ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა სუს-ის მოთხოვნით ჩაინიშნა და სწორედ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემის საკითხი უნდა განიხილონ.